საზოგადოება
მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება
დღეს საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარია ახალადმიღებულ კანონზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მთავრობის მხრიდან ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

„პროექტის თანახმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი საკითხი განიხილა, კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google