საზოგადოება
20 ნოემბერს ქალაქ გურჯაანში ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიება გაიმართება
ხვალ 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ახტალის პარკში, გაიმართება მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვაქცინაციის წახალისებას. ახტალის პარკში დაიდგმება ვაქცინაციის ჯიხური, სადაც მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია. იგეგმება სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობებიც. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი თაქთაქიშვილი გვაწვდის.

გიორგი თაქთაქიშვილის ინფორმაციით, 14:00 საათზე დაიწყება საბავშვო ნაწილი, სადაც იქნებიან ანიმატორები, რომლებიც ახალგაზრდებს დაელაპარაკებიან სამედიცინო თემატიკაზე და მიაწვდიან ინფორმაციას, თუნდაც ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელების სწორი დაბანა, პირბადის გამოყენება, სკოლაში თავის დაცვა ვირუსისგან და ა.შ.

ღონისძიებაზე იქნებიან სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რათა წაახალისონ ვაქცინირებული მოქალაქეები. ადგილზე ვაქცინირებულ მოსახლეობას სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

ღონისძიებას დაესრებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ვაქცინირებულ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, იუსტიციის სერვისები უფასოდ მიიღონ. „BEKO” და “ElitElectronics”-ი აცრილ მოქალაქეებს ფასდაკლების ვაუჩერებს გადასცემს.

ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ. ჩამოსული იქნება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეც.

17:00-ზე დაიწყება ერთსაათიანი კონცერტი, რომელსაც ჯგუფი „ალილო“ გამართავს

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დაცული იქნება ყველა რეგულაცია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში.
| Print |
FaceBook Twitter Google