საზოგადოება
მადლიერების კვირეული დაიწყო
ბოლო წლებში მადლიერების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოშიც პოპულარული გახდა.

მადლიერების დღეს უმეტესწილად აშშ-სა და კანადაში აღნიშნავენ. დღესასწაულს რელიგიური ფესვები აქვს, რადგანაც მისი აღნიშვნა მოსავლის აღებასთან და ღმერთისთვის მადლობის გადახდასთანაა დაკავშირებული, თუმცა მადლიერების დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერო დღესასწაულადაა აღიარებული.
ამ დღესასწაულის პირველად აღნიშვნის თარიღი და ადგილი სადავოა. თუმცა, მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად აღინიშნა პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს. დღესასწაული, როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით.

ამერიკაში დღესასწაულს ნოემბრის მეოთხე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. საქართველოშიც იგივე თარიღია შერჩეული, თუმცა, ამ დღესასწაულის რეალური არსიდან ძალიან შორსაა. ჩვენს ქვეყანაში ამ თარიღთან დაკავშირებით, მხოლოდ სხვადასხვა მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტებში ფასდაკლებები და აქციებია.

წელს მადლიერების დღე 25 ნოემბერსაა. ამერიკაში დღესასწაული საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ხოლმე. ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში სხვადახვა ქალაქებშიც კი ცხოვრობდნენ, ამ დღისთვის ერთად იკრიბებიან, რათა ოჯახთან გაატარონ მადლიერების დღის საღამო. ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები ერთმანეთის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ-ეუბნებიან სამადლობელ სიტყვას, რისთვის არიან ამ წლის მადლობელნი.

დღეს მადლიერების დღის ყველაზე გავრცელებული სიმბოლო ინდაურია. 1947 წელს, პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის დროს ამერიკაში ჩაისახა ტრადიცია, რომელიც დღემდე არსებობს. პრეზიდენტ ტრუმანისთვის „ინდაურთა ფედერაციას“ ერთი ცოცხალი და ორი უკვე მომზადებული უნდაური უჩუქებია. პრეზიდენტმა ცოცხალი ინდაური აღარ დააკვლევინა და ის „შეიწყალა“.

შეიძლება ითქვას, რომ მადლიერების დღესასწაული ოჯახებს თუნდაც ერთი დღით აერთიანებს და გვაახლოებს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან. გვაფიქრებს გავლილ წელიწადზე და შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ მადლიერები ყველაფერი კარგისთვის, რაც ამ წელიწადმა მოგვიტანა.
| Print |
FaceBook Twitter Google