საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქომ საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა განხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება მრევლს აუცრელობისკენ მოუწოდოს.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა,“ -ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინაციას.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია,“ - აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი, მრევლს შეუძლია მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს.
| Print |
FaceBook Twitter Google