საზოგადოება
"მელო" - როგორ ცდილობენ მელაანელი ახალგაზრდები ახალგაზრდული სივრცის შექმნას
როდესაც სოფელში არც გასართობი სივრცეა და არც შემეცნებითი, აზალგაზრდები მის მოწყობაზე თვითონვე ზრუნავენ. გეგამ და ნინომ იციან, რომ "მელო" ყველა ასაკის ადამიანისთვის განათლების მიღების გარდა ერთგვარი თავგადასავალიც იქნება.
ახალგაზრდებმა თავიდან სკოლაში ეკოკლუბი შექმნეს და მცირემასშტაბიან ღონისძიებებს ახორციელებდნენ, ამბიციური გეგმებიც ჰქონდათ, თუმცა ფინანსები - არა. გაუჩნდათ სოციალური საწარმოს დაარსების იდეა.

ასე შექმნეს მელაანელმა ახალგაზრდებმა "მელო". "მელოელებს" ისეთი გარემოს მოწყობა სურთ, რომელიც გააერთიანებს ბიბლიოთეკასა და შეხვედრების სივრცეს, სურთ საფეხბურთო გუნდის შექმნაც, თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.

"არაფერი გამოგვივიდოდა, რომ არა "ცოდნის კაფეს" "ბუთქემფში" მონაწილეობაო"-გვეუბნება გეგა.

გეგას გაგაცნობთ, რომელიც უკეთესად მოგვიყვება რატომ გადაწყვიტა "მელოს" დაფუძნება.

გეგა ფრიდონაშვილი 15 წლისაა და მელაანის საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭიერების ამბავი სოფელში კარგად იციან, ამიტომ თანასოფლელებს სჯერათ, რომ მისი წამოწყებული საქმე სულ მალე იქცევა რეალობად. გეგა ორჯერ გახდა გურჯაანის მერიის მიერ ორგანიზებული "რა? სად? როდის?" საუკეთესო მოაზროვნის ტიტულის მფლობელი. გვეუბნება, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა, სატელევიზიო კლუბშიც. სწავლის გაგრძლება თავისუფალ უნივერსიტეტში სურს. მანამდე, სანამ სტუდენტი გახდება, ცდილობს ახალგაზრდებისთვის მელანში ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს.




„არაფერი გამოგვივიდოდა „ცოდნის კაფის“ ორგანიზებულ „ბუთქემფში“ რომ არ მიგვეღო მონაწილეობა. ამ კონკურსის პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მიერ გადმოცემული სასტარტო კაპიტალი ჩვენ უნდა გაგვეზარდა ჩვენი სამეწარმეო იდეით, რათა ამ თანხით „ცოდნის კაფის“ მშენებლობას დავხმარებოდით. გადავწყვიტეთ ჩვენს სოფელში ახალგაზრდული სივრცის მოწყობა, რომელიც გააერთიანებდა ბიბლიოთეკას, შეხვედრების სივრცეს და იქცეოდა ჩვენი სოფლის განვითარებისათვის აუცილებელი იდეების გაცვლის პლატფორმად. ბევრი რამ ვისწავლეთ „ცოდნის კაფესგან“, მათ შორის ფანდრაიზინგი და შემოწირულობებით შევძელით რემონტისათვის საჭირო თანხების შეგროვება. ამ ეტაპზე ჩვენი ახალგაზრდული ცხოვრება მხოლოდ სკოლაში სიარულით შემოიფარგლება, თუმცა ვიმედოვნებ, მას შემდეგ, რაც ჩვენს სივრცეს მოვაწყობთ, ეს მოცემულობა უკეთესობისაკენ შეიცვლება. გვინდა სოფელში საფეხბურთო კლუბის შექმნაც და კიდევ მრავალი, თუმცა ახლა მთავარია სივრცის მოწყობის ბოლომდე მიყვანა. მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი საქმისათვის ძალიან დიდი ენერგია და თანხა გაიღო, მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ჩვენი იდეის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა,“- გვიყვება გეგა.

გაგაცნობთ მეორე "მელოელსაც",16 წლის ნინო ჯავახიშვილს. ის აბიტურიენტია, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მელაანში ახალგაზრდული სივრცის მოწყობაში მაინც აქტიურად მონაწილეობს.
"ეს იქნება სივრცე, რომელოც სოფელში ერთფეროვან რუტინას შეცვლის,“-გვეუბნება ნინო.



„ყოველთვის მინდოდა რამე ღირებულის მონაწილე ვყოფილიყავი, ამიტომ როგორც კი ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყდა, ფრთებშესხმულებმა დავიწყეთ თითო თეთრის და ლარის შეკოწიწება. ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე მოვახერხებდით და სარემონტო სამუშაოებს დავიწყებდით.

აბიტურიენტობის მიუხედავად ბიბლიოთეკის მოსამზადებელ სამუშაოებში ყოველ დღიურად ვარ ჩართული. დიდი მონდომების შემდეგ შედეგი დავინახეთ და შესანიშნავი გრძნობაა, როცა რაღაც მიზანი გაქვს. ამ მიზნის წინ კი, შენ გარდა, კიდევ ასობით ახალგაზრდა დგას, რომელსაც სჭირდება სივრცე, სადაც წაიკითხავს წიგნებს, ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში, მიიღებს არაფორმალურ განათლებას, შეხვდება ახალგაზრდებს, შეცვლის ერთფეროვან რუტინას და დღისწესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ „მელო“ ყველა ასაკის ადამიანისთვის განათლების მიღების გარდა, ახალი თავგადასავალი იქნება და ჩვენ ამ თავგადასავალს ერთად შევქმნით,“- ამბობს ნინო.

როგორც უკვე გითხარით, ახალგაზრდებმა რემონტისთვის საჭირო თანხა უკვე შეაგროვეს და სამუშაოებიც დაწყებულია, ახლა კი ინვენტარის შეძენაა საჭირო.

"მელოელები" იდეის ბოლომდე ხორცშესხმას თქვენი, კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე, ვერ შეძლებენ. ვინც მათ დახმარებას გადაწყვეტთ, ეს "მელოს" ანგარიშის ნომრებია- GE06CD036000002216485
GE27BG0000000371087695
მიმღები: მზია ირომაშვილი

| Print |
FaceBook Twitter Google