საზოგადოება
"ჯერ კამერები ჩაირთოს და შემდეგ მოვთხოვოთ მძღოლებს კატალიზატორი"
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილების ამოქმედება გადავადდა. დადგენილება 6 დეკემბერსაა მიღებული.

საქმე ეხება ნორმას, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. კერძოდ, სწორედ ამ დროიდან ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, უნდა გამხდარიყო 0.5% და 0.3%.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, ჯერ არსებული ტექინსპექტირების მოდელის აღსრულება უნდა მოხდეს, შესაბამისი ოდენობის კამერები ჩაირთოს და შემდეგ მძღოლებს ავტომობილზე კატალიზატორი მოვთხოვოთ.

"ამ ეტაპზე ტექნიკური ინსპექტირება რა პარამეტრებზეც მიმდინარეობს, პრაქტიკულად არ მოწმდება. ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 30%-ით შემცირებულია. ქუჩაში დიდი ოდენობის ავტომობილი დადის გაუმართავი, რომელსაც ტექინსპექტირება არ გაუვლია. იმის გამო, რომ ადმინისტრირება არ არის ძლიერი, შესაბამისი ოდენობის კამერები არ არის ჩართული, მიმართვიანობა შესუსტებულია. ამ ფონზე, დამატებითი დავალების მიცემა მძღოლებისთვის, კატალიზატორს ვგულისხმობ, რომელიც არც თუ ისე იაფია, გამოიწვევდა მანკიერი არხების გაჩენას, შეიძლება ამუშავებულიყო თხოვებისა და გაქირავების მექანიზმი, ვიდრე რეალურად საქმე გაკეთებულიყო. ვფიქრობ, დღეს რა ტექინსპექტირების რეფორმაც არსებობს, ეს უნდა ავამუშავოთ, მიმართვიანობა გავზარდოთ ცენტრებში და შემდეგ სხვა დავალებაზე გადავიდეთ. კატალიზატორის მოთხოვნა უფრო ფასადური იქნებოდა. უნდა გაიზარდოს აღსრულება. ავტომობილი თუ არ ჯარიმდება, ის არ მივა ტექინსპექტირების ცენტრში, არ შეაკეთებს მანქანას და არ გადაიხდის 60 ლარს. სამწუხაროდ, ასე ფიქრობენ მძღოლები. მოკლედ რომ ვთქვათ, კამერები უნდა ჩავრთოთ,"- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში ლალიაშვილმა.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გადავადების ოპტიმალური ვადა უნდა იქნეს შერჩეული და კონტროლის გამკაცრებამ დიდი ხნით არ უნდა გადაიწიოს, რადგან საქართველოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის.

" როგორც მე ვხვდები, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმასთან მიმართებით, რომ საავტომობილო პარკი ამ გამკაცრებისთვის მზად არ არის. კატალიზატირებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. აღმოჩნდა, რომ გაჩაღებული ვაჭრობა მიდის კატალიზატორებით, ბევრმა მეპატრონემ გაყიდა, ბევრსაც ჩუმად მოუხსნეს. ახლის შემოტანა და შესყიდვა გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული, სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ბევრი მანქანა დარჩებოდა ტექდათვალიერების გარეშე. ვთვლი, რომ გადავადება გრძელვადიანი არ უნდა იყოს, ტექდათვალიერების სისტემა უნდა გამკაცრდეს, რათა ტრანსორტიდან მიღებული დაბინძურება შემცირდეს. ატმოსფეროს დაბინძურების ყველაზე დიდი წილი სწორედ ტრანსპორტზე მოდის. ეს პირდაპირ კავშირშია საწვავის ხარისხთან, გზების გამართულობასთან და სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვასთან. გამონაბოლქვი რომ შემცირდეს, სერიოზული კამპანიაა საჭირო. გადავადების ოპტიმალური ვადაა მაქსიმუმ ერთი წელი, უფრო უკეთესია ექვსი თვე. უკვე უნდა გააფრთხილონ მძღოლები ამის შესახებ. პარალელურად კი, უნდა მომზადდეს ტექდათვალიერების პუნქტები შესამოწმებლად," - განაცხადა speqtri.ge-სთან ნინო ჩხობაძემ.

აქვე განვმარტავთ, რომ გამონაბოლქვის კონტროლთან ერთად გადავადდა ავტომანქანაში ცეცხლმაქრი და სააფთიაქო ყუთის ქონის ვალდებულება და ასევე ხმაურზე შემოწმების საკითხი.
| Print |
FaceBook Twitter Google