საზოგადოება
პიროტექნიკით მოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს
წინასაახალწლოდ ბაზრობებსა და მაღაზიებში აქტიურად იყიდება სხვადასხვა სახის შაშხანები და ასაფეთქებლები. პიროტექნიკაზე მთითებულია ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე აკრძალულია. თუმცა, ძირითადი მომხმარებლები, სწორედ მოზარდები არიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში პიროტექნიკით მოვაჭრეები შეამოწმეს და გაფრთხილება მისცეს. სამსახურის უფროსის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მათი თანამშრომლები სიტუაციას ყოველდღე გააკონტროლებენ.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირისთვის პიროტექნიკის ნაკეთობის მიყიდვა აკრძალულია. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში- 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 200 ლარით. იგივე ქმედება განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს ფიზიკური პირის შემთხვევაში- 200, იურიდიული პირის შემთხვევაში - 400 ლარიან ჯარიმას. აღნიშნული კანონი ამოვბეჭდეთ და დავურიგეთ პიროტექნიკით მოვაჭრეებს , რომ არ ჩაიდინონ სამართალდარღვევა. ხელი მოვაწერინეთ და მათი მონაცემები ჩავიწერეთ.“

რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, ზედამხედველობის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე გადიან ადგილზე და სიტუაციას აკონტროლებენ. თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ისინი შესაბამის ოქმს შეადგენენ.

| Print |
FaceBook Twitter Google