საზოგადოება
პირველი მარტიდან დასაქმების პროგრამა იწყება - ვინ ისარგებლებს და რა პირობებით
პროგრამა, რომელიც საქართველოში პირველი მარტიდან ამოქმედდება, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 200 ათასზე მეტი მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. - ამის შესახებ მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

„პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.

მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს და ჩაერთოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა.

მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.


| Print |
FaceBook Twitter Google