საზოგადოება
საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ს განცხადება ალტ-ინფოს მუქარის შესახებ
საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-მ რამდენიმე დღის წინ მოამზადა ნიუს-მასალა იმის შესახებ, რომ გურჯაანში ორგანიზაცია ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გაიხნა. ამ თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ჩაწერა ინტერვიუ ფართის მეპატრონესთანაც, რომელმაც მას თავხედი უწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჰკითხა: - იცოდა თუ არა, ფართი პრორუსულ ორგანიზაციას რომ მიაქირავა. speqtri.ge-მ ალტინფოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნიუსი მოამზადა იმის შესახებ, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

ამ თემების გაშუქების ფონზე, არ წყდება საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე ალტ-ინფოს მხარდამჭერების მხრიდან სალანძღავი და მუქარის შემცველი კომენტარები, ასევე სატელეფონო ზარები ჟურნალისტთან.

ისინი მიიჩნევენ, რომ speqtri.ge „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებს. იმუქრებიან, რომ გუნდს დაატოვებინებენ ოფისს და ღალატის მუხლით გაასამართლებენ.

„სპექტრი, შეგროვილია თქვენზე მასალები. სხვა ლიბერასტ მედიებთან ერთად, გესიამოვნებათ სულ მალე, არ გაშინებთ, გაფრთხილებთ.“

„ნაც-გეი მედია, ლიბერასტი და სახელად სპექტრი, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“

„ნუ გამაცინეთ ნაც-გეი სასტავო. სულ ცოტაც და დატყდებით აქედან. ისე არ ქნათ, რომ ღალატის მუხლით გაგასამართლოთ.“

გვინდა განვაცხადოთ, რომ speqtri.ge / გაზეთი სპექტრი, 2 ათეული წელია, რაც მოვლენებს მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებს. არასდროს ყოფილა არცერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გამომხატველი. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მუქარა უნდა შეფასდეს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა.


| Print |
FaceBook Twitter Google