საზოგადოება
საქართველოში რუსეთის 12 000 მოქალაქე იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლის სტატისტიკაზე, ომის დაწყებიდან 21 დღის განმავლობაში.

„შემოსულია 30 439 რუსეთის მოქალაქე, გასულია 17 801 ადამიანი. იგივე პერიოდში 2019 წელს შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097. ანუ უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დღეს, დაახლოებით, 12 ათასი ადამიანი არ გასულა ვინც შემოვიდა. გავლენ, ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანშია, ზოგი თბილისშია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება ბერალუსის მოქალაქეებს, გომელაურის თქმით:

„ბევრად მეტი მატებაა ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან - 15 777 შემოსული ომიდან გუშინდელ დღემდე, როცა ანალოგიურ დროს, 2019 წელს - 1679 კაცია შემოსული. თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან“

გომელაურის თქმით, ყველაზე ნაკლები მოქალაქე საქართველოში უკრაინიდანაა შემოსული.

„უკრაინის მოქალაქეები ანალოგიურ დროში რაც შემოსული იყო 2019 წელს 9 200 ადამიანი. ახლა არის 8 688 ანუ დიდი შემოდინება უკრაინის მხრიდან არ გვაქვს“,- ამბობს ვახტანგ გომელაური.
მისივე თქმით, საზღვარზე კონტროლი შედარებით გამკაცრებულია.

„უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ. ახლა მეტი კითვხები გვაქვს, რა თქმა უნდა, მათ თავისი გაიდლაინები აქვთ , რატომ უშვებენ და რატომ არ უშვებენ“,- თქვა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და „სამხედრო ოპერაციას“ დღემდე ახორციელებს. კრემლის თქმით, „ოპერაციის მიზანია“ დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლება და უკრაინის დაცლა ნეონაცისტებისგან.
| Print |
FaceBook Twitter Google