საზოგადოება
ომის შედეგად უკრაინის 902 მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი - გაერო
გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 24 დღეში დაღუპულია უკრაინის 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი. დაჭრილია 1459 უკრაინელი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე დაღუპულია 115 ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია სულ მცირე 2300 მშვიდობიანი მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google