საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი თელავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად თელავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში.

„დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 10-ზე მეტი შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 30-მდე შენობის განახლება.

უკვე დასრულდა გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა და მიმდინარეობს შადრევნის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები.

სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 14 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლება, მიმდინარეობს ციხე-გალავნის რეაბილიტაციისა და განათების მოწყობის პროექტირება.

საგარეჯოში, რეაბილიტაცია უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 22 შენობას, სკვერსა და შადრევანს. ლაგოდეხში გათვალისწინებულია ზაქათალის ქუჩის და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“ რეაბილიტაცია.

უახლოეს მომავალში დასრულდება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ურბანული განახლება, რომელიც 6 შენობის და 1 პარკის რეაბილიტაციას მოიცავს.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ყვარელში იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობების, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.

მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში და გურჯაანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“-ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე
| Print |
FaceBook Twitter Google