საზოგადოება
ღარიბაშვილის ინიციატივით თბილისში პოლიციის ქალაქი აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიციის ქალაქის მშენებლობა იგეგმება.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი პოლიციის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი და ისინი იმავე საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ, რითაც სამხედროები „ჯარის ქალაქის“ შემთხვევაში.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კვადრატული მეტრის ფასი 100 დოლარი იქნება, რაც ბევრად ნაკლებია დღეს არსებულ საბაზრო ღირებულებაზე, ხოლო დანარჩენ ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

"ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის აზრით, ქალაქი ჯიქიას ქუჩაზე უნდა აშენდეს იქ, სადაც პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა იყო.

პროექტის ღირებულება 300-350 მილიონი ლარი იქნება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უკვე აშენებს "სამხედრო ქალაქს", სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინის კვადრატული მეტრის ფასი 100 დოლარიდან დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google