საზოგადოება
საქართველო უერთდება დიალოგს ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის
დღეს თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ იმართება მორიგი შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმ+50“-ის ფარგლებში.

საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50“-ის წინა პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობს ფართომასშტაბიან კონსულტაციებს საქართველოს მწვანე, კლიმატგონივრული და თანასწორი მომავლის შესახებ.

საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, საქართველოს საზოგადოების ფართო წრე ჩაერთვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ.

საქართველოში ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრები გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართება და სამ ძირითად საკითხს შეეხება - „მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი შემადგენელი“, „თანამშრომლობა ჯანსაღი პლანეტისა და თანასწორი განვითარებისთვის“ და „პანდემიის შემდგომი აღდგენა გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გათვალისწინებით“.

საკონსულტაციო შეხვედრებში ჩაერთვებიან როგორც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების, ისე არასამთავრობო, გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებების, სოციალური და ეკონომიკური საკითხების ექსპერტები.

„საქართველო მნიშვნელოვან საკანონმდებლო ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გარემოს დაცვასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იქნას წარმოდგენილი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში. ისეთ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობა, როგორიცაა კონფერენცია „სტოკჰოლმი+50“, წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნულ განვითარებაში და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.
| Print |
FaceBook Twitter Google