საზოგადოება
რამდენად იზრდება მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის საფასური
25 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება. მართვის მოწმობის მიღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევთ.


ცვლილების შესაბამისად, გაიზრდება გამოცდაზე დაშვების ღირებულებაც. აქამდე აღნიშნული საფასური 40 ლარი იყო. ახლა კი მომავალ მძღოლებს, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარების შემდეგ, გამოცდის რეალურ პირობებში ჩასაბარებლად ერთ კვირაში დამატებით 90 ლარის გადახდა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში მართვის მოწმობის ასაღებად პირს, 130 ლარის გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი, რომელიც პირველ ცდაზე მეორე ეტაპის გამოცდაში ჩაიჭრება, განმეორებითი ცდისთვის კვლავ 90 ლარი უნდა გადაიხადოს.

BM.GE-სთან საუბარში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს ადამიანებს ხელს შეუწყობს, უკეთ მოემზადონ, რათა აღარ დასჭირდეთ გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლა. ამასთან, რეგულაცია ქვეყანაში საგზაო მოძრაობასაც გააუმჯობესებს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად შეამცირებს საქართველოში საგზაო შემთხვევებს, რადგან ადამიანები უკეთესად მოემზადებიან და პრობლემაც არა ღირებულების მატება, არამედ უშუალოდ გამოცდისთვის მომზადებაა, რადგან კვალიფიციური კადრები არც თეორიული მასალის ათვისების კუთხით გვყავს და არც პრაქტიკული ნაწილის. ხოლო ის ავტოსკოლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბაზაში, არ აკმაყოფილებენ სასურველ სტანდარტსა და ხარისხს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა BM.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ავტოსკოლების ლიცენზირება, კვალიფიციური კადრების პოვნა და გადამზადება.
| Print |
FaceBook Twitter Google