საზოგადოება
დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
წელს მართლმადიდებლური სამყარო, მათ შორის საქართველო, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს 24 აპრილს ზეიმობს.

ქრისტიანები ამ დღეს ძე ღმერთის, იესო ქრისტეს, მისი ჯვარცმიდან მესამე დღეს, სასწაულებრივად აღდგომას აღნიშნავენ. წმინდა ოთხთავის თანახმად, იესო ქრისტემ სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი და მკვდრეთით აღდგა.

საქართველოში აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება. აღდგომისთვის საქართველოში კვერცხებს წითლად ღებავენ.

სააღდგომოდ შეღებილ კვერცხს დღესასწაულამდე არავინ მიირთმევს. აღდგომის წინა დღეებში, ხშირად წითელ პარასკევს, სააღდგომო პასკას აცხობენ.

აღდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ჯეჯილი. სააღდგომოდ დათესილი ჯეჯილი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

ეკლესიის მრევლის უმეტესობა დღესასწაულს ეკლესიაში ხვდება. აღდგომის წინა ღამეს ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია იმართება, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება.

მართლმადიდებლები დიდი სიხარულით ელოდებიან იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას და სურთ, წმინდა ცეცხლი სახლებში მიიტანონ.

აღდგომის მომდევნო დღეებში ჩვეულებრივი მისალმებაც კი იცვლება და ადამიანები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ესალმებიან :

„-ქრისტე აღსდგა? -ჭეშმარიტად აღსდგა!“.

აღდგომა ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულია. კათოლიკურმა სამყარომ და სომეხთა წმინდა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ დღესასწაული წელს 17 აპრილს აღნიშნა.

Speqtri.ge გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!
| Print |
FaceBook Twitter Google