საზოგადოება
კახეთში პარკების მწარმოებელი ობიექტები შეამოწმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში, პარკების მწარმოებელ ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს. სულ 51 საწარმო შემოწმდა. მათგან 37-ში სამართალდარღვევები გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა.

მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას პერმანენტულად ახორციელებს.

მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას,“ - განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ცნობისთვის, 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა).
| Print |
FaceBook Twitter Google