საზოგადოება
პირველი კოსმოსური სასტუმრო ვიზიტორებს 2025 წლიდან მიიღებს
ამერიკული კომპანია “Orbital Assembly” კოსმოსში სასტუმროს გახსნის შესაძლო მომავალზე ალაპარაკდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-ი ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამერიკული კომპანია თავისი კოსმოსური სასტუმროს შესახებ ახალ ინფორმაციასა და კონცეპტს ავრცელებს. სასტუმროს დიზაინზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

სასტუმროს პრეზენტაცია თავდაპირველად კალიფორნიული კომპანიის „Gateway Foundation“-ის მიერ შედგა, მოგვიანებით პროექტს „Von Braun Station“ ეწოდა. მოცემული მომავლის კონცეპტი რამდენიმე ერთმანეთთან ლიფტით დაკავშირებული მოდულისგან შედგება და დედამიწის გარშემო მბრუნავ ბორბალს ჰგავს.

ამ ეტაპზე კომპანია „Orbital Assembly“ ტურისტული განსახლებით არა ერთ, არამედ ორი კოსმოსური სადგურის გაშვებს გეგმავს. პირველი- „ვოიაჟერის“ სადგური ჯამში 400 სტუმარს დაიტევს და სავარაუდოდ, 2027 წელს გაიხსნება, ხოლო მეორე სადგური “პიონერი”, შედარებით მცირე ზომის, 28 ადამიანზე იქნება გათვლილი და როგორც პროექტზე მომუშავე კომპანია აანონსებს, მასზე მუშაობა სამ წელიწადში დასრულდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის მთავარი მიზანია, კოსმოსი „ბიზნეს პარკად“- ოფისებისა და ტურისტების სახლად აქციოს.

კოსმოსური ტურიზმი დღეს მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე აქამდე, თუმცა დაუჯერებლად მაღალი ფასები ჯერ კიდევ დაუჯერებელს ხდის შვებულების დედამიწის საზღვრებს გარეთ გატარებას.
კომპანიის დირექტორი, ტიმ ალატორე ფიქრობს, რომ ეს ბარიერიც დაძლეული იქნება, როგორც კი კოსმოსური ტურიზმი სტარტს აიღებს.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ხალხის დიდ რაოდენობას შეეძლოს კოსმოსში ცხოვრება, მუშაობა და აყვავება“, - ამბობს ტიმ ალატორე CNN-თან ინტერვიუში.
| Print |
FaceBook Twitter Google