საზოგადოება
სესმა ქინდერის 472 კგ საეჭვო პროდუქცია დალუქა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ(სეს) საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 28 აპრილს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა რეაგირება მყისიერად დაიწყეს. შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა.

29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული საქართველოში იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე.

შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი საეჭვო პარტიების სურსათი.

სააგენტოს ზედამხედველობით გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

28 აპრილს RASFF-ის შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია სრულად რეალიზებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხარებლებს მოუწოდებს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს.

„ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google