საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დაინიშნა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის
თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეორე
ვადით დანიშნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
ინფორმაციით, გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ
თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომლის შემდეგაც შერჩეული
კანდიდატურები შესათანხმებლად საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა.
პარლამენტმა თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით (1 - წინააღმდეგი)
დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის
საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს
პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად
წარუდგინა.
საქსტატის ინფორმაციით, გოგიტა თოდრაძეს აღნიშნულ სამსახურში მუშაობის
20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016
წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018
წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები