საზოგადოება
„სპექტრი“ 19 წლისაა...
10 წელი გავიდა, თუმცა ჩემი პირველი დღე „სპექტრში“ გუშინდელივით მახსოვს. ბავშვობაში სულ ჟურნალისტობაზე ვვოცნებობდი, წარმოვიდგენდი, როგორ მიმყავდა გადაცემა, თოჯინები კი მაყურებლები იყვნენ.
დრო გავიდა, აზრებიც შემეცვალა და სხვა პროფესია ავირჩიე.

ლექსებს ვწერდი და იმპერიოდში ჩემი ახლობელი რედაქციაში მუშაობდა. მითხრა, „სპექტრში“ წავიღებ, იქნებ გაზეთში დაგიბეჭდონო. დაბეჭდეს და მითხრეს, სტატიების წერასაც ხომ არ ცდიდიო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, თან გამიხარდა, გავიფიქრე ბავშვობის ოცნებას ავიხდენ-მეთქი.

2012 წლის 4 მარტი იყო, „სპექტრში“ რომ მივედი. მახსოვს, მაიას პირველი კითხვა, რით განსხვავდება ნიუსი სტატიისგანო? იმ დროს ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ვიცოდი ის, რომ ვერასდროს ვიქნებოდი იქ, სადაც სტატიები რეალობას აცდენილი და ხელისუფლების ინტერესებს მორგებული იქნებოდა. ძალიან მალე მივხვდი, რომ „სპექტრი“ამბობდა იმას, „რასაც სხვები ვერ ამბობდნენ“, ეს მაშინ,როდესაც ჟურნალისტთა „რეპრესიები“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ოჯახური და მეგობრული გარემო მეხმარებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ მესწავლა ყველაფერი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ვიდეოს მონტაჟსაც კი შევძლებდი. ცოდვა გამხელილი სჯობსო და მეც ვიტყვი, „სპექტრში“ მისვლისას, მხოლოდ კომპიუტერის ჩართვა და ფაილის შექმნა თუ ვიცოდი. სულ ვამბობ, რომ არა „სპექტრი“, რომ არა მაია და ნატო, ვერც პროფესიულად განვვითარდებოდი და ალბათ, ვერც - პიროვნულად. ვერ აღგიწერთ იმ ემოციას, სტატიის ქვეშ პირველად ჩემი სახელი და გავრი რომ წავიკითხე, ჟურნალისტები კი მიმიხვდებიან, ეს რა ემოციაა.

ბევრი უკმაყოფილო რესპონდენტი მინახავს, მაგრამ იმ ადამიანებმა გადაფარეს, რომლებიც მეუბნებიან, კახეთშიც რომ არ ვართ, მანდ რა ხდება „სპექტრისგან“ ვიგებთო.
ჰოდა, დღეს ეს „სპექტრი“ იუბილარია. 19 წელი არც ისე ცოტაა, ცოტა კი არა ბევრიცაა. 2003 წლის 26 მაისს რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, საერთო მიზნით, უნდა ეთქვათ ის, რასაც სხვები ვერ ამბობდნენ. დიახ, აქ აიდგა ფეხი დღეს კახეთში მოღვაწე თითქმის ყველა ჟურნალისტმა. იყო მუქარები, თუმცა“სპექტრს“ არჩეული პრინციპებისთივს არასდროს უღალატია.

თითქმის 2 წელია, სახლიდან, დისტანციურად ვმუშაობ და სულ რაღაც მაკლია. ჩემი „სპექტრელების“ მონატრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, თუ დამიჯერებთ, იქ მოდუღებული ყავის გემო და სუნიც კი მენატრება, მენატრება ჩვენი დილის „თათბირები“ ფინჯან ყავასთან ერთად.

სულ მალე თინეიჯერობის ასაკიდან გამოვა „სპექტრი“, როგორც კახეთში იტყვიან, უფრო „დაღვინდება“ და როგორც სჩვევია, ჩვეული სიდინჯითა და პროფესიონალიზმით გააგრძელებს გზას, გზას, რომელსაც მართალი სიტყვა ჰქვია.

| Print |
FaceBook Twitter Google