საზოგადოება
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი გახდა
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი იქნება. მგზავრობის ღირებულება ერთი ლარით განისაზღვრა.
ავტობუსები 8 სამარშუტო მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც  ქალაქ თელავს და ახლომდებარე სოფლებს – კურდღელაურს, ვარდისუბანსა და შალაურს მოიცავს.  პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია შეღავათით ისარგებლებს. შეღავათი შეეხება პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებული პირებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარებს, სტუდენტებს და ა.შ.

„მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების დასადგენად ბევრი ვიმუშავეთ, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა დარგის სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებასაც გავეცანით.  გავითვალისწინეთ სოციალური ფონი, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ეფექტურად და შეუფერხებლად გააგერძელოს ფუნქციონირება. შესაბამისად, მგზავრობის ღირებულების 1 ლარით განსაზღვრა ამ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა თელავში ფუნქციონირება 2021 წლის თებერვალში დაიწყო და ამ დრომდე სარგებლობა მოქალაქეებს უფასოდ შეეძლოთ.


| Print |
FaceBook Twitter Google