საზოგადოება
ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.

"სტაჟირების პერიოდში ძალიან კარგი ხელმძღვანელი გვყავდა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი ესწავლებინა. ჩვენ ვიცოდით, რომ სამი თვე ვივლიდით აქ და შემდეგ უნდა წავსულიყავით", — ამბობს და აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემდეგ, სამსახურში ყველა სტაჟიორი დარჩა.

მანამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია და მხოლოდ მოკლევადიანი, საზაფხულო პოზიციებით შემოიფარგლებოდა. საქართველოში ახალგაზრდებისთვის სამსახურის პოვნა მარტივი არ არის — გიგაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი პანდემიის შემდეგ უფრო გართულდა. ის სმენადაქვეითებულია და საუბარს ტუჩების მოძრაობით არჩევს. პირბადეების ტარების სავალდებულო წესის გამო კი, ამას ვერ ახერხებდა.

„როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დაიწყო პანდემია და ხალხთან კონტაქტი ვეღარ შევძელი. მერე კომპლექსები გამიჩნდა, ჩავრჩი და ჩავრჩი, სახლიდან ვეღარ გავდიოდი“.

გიგასთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთული იყო, ამიტომ ფიქრობდა, რომ სამსახურის შოვნას აზრიც აღარ ჰქონდა. მისი თქმით, აღარც ეძებდა და უიმედოდ იყო. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მიხვდა, რომ ასე ყოფნით დაიღალა.

ამის შემდეგ ქუთაისის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში მისვლა გადაწყვიტა. გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ცვლილებების სურვილი სწორედ კონსულტაციის გავლის შემდეგ გაუჩნდა, რადგან გასაუბრებაზე მის კარგ თვისებებს გაუსვეს ხაზი და მოტივაცია მისცეს.



"ისე არ მომექცნენ, როგორც, ჩვეულებრივ, ადამიანები იქცევიან ხოლმე — როცა ეუბნები, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და ფიქრობენ, თითქოს ეს არაფერია. გასაუბრებაზე ასე არ ყოფილა, მესაუბრნენ იმაზე, თუ რა იყო ჩემი კარგი მხარეები. მეც თვითშეფასება ამიმაღლდა", — ამბობს გიგა.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში კონსულტაციის შემდეგ გიგამ პროექტ ESCape-ის ფარგლებში ციფრული კომპეტენციის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსი გაიარა.

"უკვე ტყუილად ყოფნა მომბეზრდა, დავიღალე. კურსები ონლაინ იყო. მე პანდემიის დროს გარეთ გასვლის, ხალხთან კონტაქტის პრობლემა მქონდა და რახან ონლაინ იყო, ჩავერთე ამ პროგრამაში. ციფრულ საკითხებში თვითნასწავლი ვარ, მაგრამ მაინც დამატებით მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეგო", — გვიყვება გიგა.

მაშინ მიხვდა, რომ ხალხთან კონტაქტი მონატრებული ჰქონდა — გაჩერება აღარ უნდოდა და მიეცა სტიმული, რომ სამსახურის ძებნაც დაეწყო.
„რა არის, იცით? თავიდან რთულია, ნაბიჯი გადადგა და გაიცნო ხალხი, მაგრამ როგორც კი გაბედავ, ახალ რამეს გაიგებ, ვინმე ახალს გაიცნობ, მერე თვითონ მოდის სურვილი, მეტი აკეთო“.

კომპლექსები მოეხსნა, უკვე უამრავ ადამიანთან აქვს კონტაქტი და ყოველდღე ახალ ცოდნას იღებს. ამბობს, რომ დღეს მისი მიზანიც სწორედ ეს არის: მეტი ისწავლოს და განვითარდეს, ხოლო თუ ამ საქმეში საკუთარ თავს ამოწურავს, მერე გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგ:

"სულ ჩართული ხარ, სულ მოძრაობაში ხარ და ეს ძალიან კარგია. სტაჟირების დაწყებიდან ერთ კვირაში ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში უკან დამბრუნებელი აღარ ვიყავი, იმიტომ, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია მუშაობა, ყოველდღე ახალი რაღაცის გაგება, სწავლა".
თუმცა ამ ეტაპამდე მოსვლა გიგასთვის მარტივი არ ყოფილა — ეშინოდა, ბევრჯერ უფიქრია დანებებაზე, მაგრამ ამბობს, რომ ამის გადალახვაც შესაძლებელია და სხვებსაც მოუწოდებს, არ შეშინდნენ.

„ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკვე ყველაფერი მარტივად მიდის, მთავარია გაბედო“, — აღნიშნავს გიგა.



ახლა მუშაობის პროცესი იმდენად სიამოვნებს, რომ ნეგატიური ფიქრებისთვის დროც აღარ აქვს. ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ხალხს ეხმარება. სწორედ ამიტომ უნდოდა, ექიმი გამხდარიყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის მიმართულება დაამთავრა, თუმცა თავდაპირველად სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა.

"სწავლა რომ დავიწყეთ და პრაქტიკები, ოპერაციები მომიწია, მაშინ შევხედე სიტუაციას და გავიაზრე, რომ ექიმობა გამიჭირდებოდა, პირბადე სავალდებულოა — საავადმყოფო ასეთია. შემდეგ გადავედი ჯანდაცვაზე, თუმცა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვისწავლიდი, რაც მინდოდა, ის არ გამოვიდა.
სხვათა შორის, ახლა რას ვფიქრობდი, იცით? ახლა რომ ვიყო იმავე ასაკში, ახლა რომ ვაბარებდე, აღარ დავნებდებოდი, იმიტომ, რომ ბევრად შეცვლილია სიტუაცია, ცნობიერებაც ამაღლებულია", — აღნიშნავს ის.

„18 წელი ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ მოიფიქრო, რა სფერო გაინტერესებს, მიიღო გადაწყვეტილება და გაჰყვე მას“ - გიგას მიაჩნია, რომ ადამიანების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში, ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. მისი თქმით, შშმ პირები თავიდანვე უნდა ინტეგრირდნენ, რადგან უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია.




გიგას ცვლილელების განხორციელებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ESCape — დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ დაეხმარა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES Georgia), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ. პროექტი თბილისსა და 6 რეგიონს (აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო და შიდა ქართლი) მოიცავს და ბენეფიციარების დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

„შრომის ბაზარი არ არის ინკლუზიური და არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. არსებობს სტიგმა და სტერეოტიპები მათ მიმართ, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. ისინი პრობლემებს აწყდებიან განათლების ყველა საფეხურზე და შრომის ბაზარზე“, — ამბობს დიანა ჩომახაშვილი, პროექტის კომუნიკაციის ოფიცერი.

ESCape ხელს უწყობს შრომისუნარიანი ადამიანური რესურსის გააქტიურებასა და ჩართვას შრომის ბაზარზე, ეხმარება იმ ჯგუფებს, რომელთაც დასაქმების გზაზე არსებული დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვა უძნელდებათ.

"ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, შშმ პირები, ადამიანები ხანგრძლივი სამუშაო წყვეტით, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან არ არასოდეს ჩართულან საგანმანათლებლო პროცესში. ისინი ბევრ ბარიერს აწყდებიან შრომის ბაზარზე და მათთვის დასაქმებამდე მისასვლელი გზა ძალიან რთულია", — ამბობს ის.

ის აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გადამზადებული დასაქმების კონსულტანტები ბენეფიციარებს კარიერის ინდივიდუალურ დაგეგმვას, პროფესიულ გადამზადებას, სტაჟირებას სთავაზობენ და მათ დასაქმებას უწყობენ ხელს.



"სამუშაოს მაძიებლებთან მუშაობის პარალელურად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთან, ვაკეთებთ შრომის ბაზრის ანალიზს, რა ვაკანსიებია და პირობები აქვს ამა თუ იმ კომპანიას, ვიკვლევთ, რა მოთხოვნებია პოზიციებზე.შესაბამისად, ზუსტად ვიცით, სად შეიძლება ბენეფიციარის რეფერირება, მისი დაკავშირება დამსაქმებელთან, რომ გარემო და პირობები იყოს მასზე მორგებული. ჩვენი მიზანია, ორივე მხარემ ზუსტად იცოდეს პირობები, შესაბამისად, ბევრს ვმუშაობთ, რომ ორივე მხარის მოლოდინები სწორად შეფასდეს", — ამბობს ის.

ამასთან, ქუთაისში პროექტის მენეჯერი, ნანა წოწონავა გვეუბნება, რომ ხშირად ჰყავთ ბენეფიციარები, რომლებსაც არასოდეს უმუშავიათ, ან აქვთ ხანგრძლივი კარიერული წყვეტა.

"მათ დღეს შრომის ბაზარზე სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ხვდებათ. ჩვენ ვეხმარებით, რომ გადამზადდნენ და მოერგონ დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაგალითად, პროფესიულ კოლეჯში გაიარონ სასწავლო კურსი და შეიძინონ ახალი პროფესია, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება", — ამბობს ის.

„გიგა დოღონაძე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მიაღწიო სასურველ მიზანს. მას არ გააჩნდა არანაირი სამუშაო გამოცდილება და ამის გამო უიმედოდ იყო, მაგრამ ჰქონდა დიდი სურვილი და მოტივაცია“, — ამბობს ნანა.

ნანა წოწონავას თქმით, პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან მათ რეგიონებში სამუშაო მოდელის რეპლიკაციით. ტრენინგები ჩატარდება ხუთ რეგიონში — აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.
საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს: ორი თბილისში, ხოლო ერთი — ქუთაისში. მათ კი, ვისაც სურს მიიღოს კონსულტაცია, გაიაროს გადამზადების პროგრამები და დაგეგმოს კარიერა, ცენტრებს შემდეგ მისამართებზე უნდა ესტუმროს: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი #66ა, ნავთლუღის ქ. #33. ქუთაისი: ნიუპორტის ქ. #19

ავტორი: ანა მსხალაძე

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.