საზოგადოება
ოჯაში ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი გამართლდა
საკრებულოს ყოფილ დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იყო ბრალდებული, თელავის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.

გამოძიება მიხეილ გრემელაშვილს ოჯახის წევრებზე ძალადობას, მუქარას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

„თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს უდანაშაულობაში. ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ”, - განაცხადა გრემელაშვილმა.

ადვოკატის ქეთევან ზაქარიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.

„ოჯახური ძალადობისა და მუქარის ნაწილში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სასამართლოსათვის ჩვენება არავის მიუცია. რაც შეეხება იარაღს, თავადაც თავიდანვე ამბობდა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი გენეტიკური პროფილი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ ამოვიდა. საუბარია იმ ავტომატზე, რომელიც ფორტეპიანოში აღმოაჩინეს - დაობებული, დაძველებული - არავინ იცის, როდის ჩადეს იქ. უცხო ადამიანების გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ზედ, მამაკაცისა და ქალის. მე ველოდებოდი ამ განაჩენს და ვთვლი, რომ არის სწორი და სამართლიანი”, - განაცხადა ზაქარიაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის საკრებულოს ყოფილი წევრი 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.




| Print |
FaceBook Twitter Google