საზოგადოება
კერამიკულ ჭურჭელში ტყვია აღმოჩნდა
კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„მიმდინარე წლის 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).

საქართველოში აღნიშნული პროდუქციის - თეფშები -Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს (იხილეთ თანდართული ფოტოები).“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით უკვე აცნობეს და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალეს.
| Print |
FaceBook Twitter Google