საზოგადოება
ტყვიის შემცველი თეფშები ჰიპერმარკეტმა “დომინომ” ქსელიდან ამოიღო
მას შემდეგ, რაც ჰიპერმარკეტმა დომინომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო შეტყობინება კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მათ აღნიშნული პროდუქცია ქსელიდან ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტი „დომინო“ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.


„მოგახსენებთ, რომ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ შეტყობინება, კერამიკულ თეფშებში (281799BB) ტყვიის მიგრაციის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და პროდუქცია უკვე ამოღებულია დომინოს ქსელიდან.


ევროკავშირიდან, კერძოდ პოლონეთიდან იმპორტირებული კერამიკული თეფშები, გარდა საქართველოსა, იყიდებოდა ევროპის 10-მდე ქვეყნის 500 მაღაზიაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და სხვა.
დომინოს გუნდი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და აქვე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყველამ, ვინც შეიძინეთ აღნიშნული თეფშები, მოგვაწოდოთ პროდუქცია დომინოს დიღმისა და ისთ ფოინთის ფილიალებში; მათი დაბრუნება შესაძლებელი იქნება ქვითრის წარდგენის გარეშე.

კიდევ ერთხელ ვწუხვართ უარყოფითი გამოცდილების გამო. დომინო განაგრძობს ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა თეფშებისა, კომპანიამ, უვნებლობის დადასტურებამდე გაყიდვებიდან ამოიღო, ამავე მწარმოებლის პროდუქციის სრული სერია.

შეგახსენებთ, რომ კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის და იმპორტიორისთვის პროდუქტის ქსელიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა.




| Print |
FaceBook Twitter Google