საზოგადოება
ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს აღარ დაექვემდებარება - სეიმის კანონი
ლატვიის სეიმმა (პარლამენტი), დაჩქარებული წესით მიღებული კანონის ფარგლებში, ადგილობრივ მართლმადიდებელურ ეკლესიას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლა დაავალა.

მიღებული კანონის გათვალისწინებით, ლატვიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი წესდება კანონს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა მოარგოს. როგორც მედიაში აღნიშნავენ, კანონი არქიეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების არჩევისა და გადაყენების წესს განსაზღვრავს და კანონიკურ საკითხებს არ შეეხება.

როგორც ირკვევა, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა მიმართა. მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ნებისმიერი სახით კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ლატვიელი მართლმადიდებლების, საზოგადოებისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. იგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ ლატვიაში მართლმადიდებლებს საკუთარი, ავტოკეფალური ეკლესია უნდა ჰქონდეთ.

აღსანიშნავია, რომ ლატვია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პატრიარქ კირილეს ომის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს რუსეთის ეკლესია გმობს. პატრიარქ კირილეს მრჩეველმა, ნიკოლაი ბალაშოვმა კრემლის სატელიტ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან კომენტარში განაცხადა, რომ „ეს არის ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს შეშლილი ანტიკონსტიტუციური შეჭრა“. მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საერო ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სტატუსს ვერ განსაზღვრავს.

ცნობისთვის, ლატვიის მართლმადიდებლური, თვითმმართველი ეკლესია მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაშია. მის სინოდს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დამტკიცებული წინამძღოლი მართავს. ამ დროისთვის ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური 82 წლის მიტროპოლიტი ალექსანდრ კუდრიაშოვია.

ლატვიის 1.8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს ეთნიკურად რუსები შეადგენენ. ქვეყანაში ყველაზე მეტი, 700 ათასზე მეტი ლუთერანი, 500 ათასზე მეტი კათოლიკე და დაახლოებით, 370 ათასი მართლმადიდებელი ცხოვრობს.

იმის მიუხედავად, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია, 2019 წელს მიღებული კანონით, ეკლესიის მიტროპოლიტობა ან ეპისკოპოსობა შეუძლია მხოლოდ ლატვიის მოქალაქეს, რომელიც სულ მცირე 10 წელია, ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობს.


| Print |
FaceBook Twitter Google