საზოგადოება
სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრომ გადაწყვეტილება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ქურციკის/ჯეირანის რეინტროდუქციის პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით მიიღო.

„საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი ქურციკის/ჯეირანის (Gasella subgutturosa) რეინტროდუქციის პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით, 2023 წლის 1 მარტამდე, აიკრძალოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის მოქცეულ სამუხის ველზე, ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრული რუკისა და დანართი N2-ით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ გათვალისწინებული აკრძალვის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზადამხედველობის დეპარტამენტს დაავალა.

ამ ბრძანების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს დაევალა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს მთავრობას (მის. ქ.თბილისი, ინგოროყვას ქუჩა ნომერი 7) დაინტერესებული მხარის მიერ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
| Print |
FaceBook Twitter Google