დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ თარიღთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით,
საქართველოს მთავრობის, ასევე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღევანდელ დღეს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ
დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში
დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი
თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ
თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი
მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ,
განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი
ხალხისთვის.
ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ
მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე
გადის.
მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და
კეთილდღეობას.“-განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14
აგვისტოს დაიწყო. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა,
მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა
ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან
დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და
არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის
შენაერთი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დრომდე, დაუზუსტებელი
მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი
და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, აფხაზეთიდან დევნილი 250 ათასზე
მეტი ქართველი კი, უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი "დამოუკიდებელ
რესპუბლიკად" აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები