საზოგადოება
არშემდგარი შეთანხმება მერიასთან და დაკავებით დასრულებული პროტესტი გურჯაანში
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.


თორნიკე დოლენჯაშვილი speqtri.ge-ს უყვება, თუ რა უძღოდა წინ დაკავების პროცესს. როგორც ის ამბობს, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის სარდაფში ჩოგბურთის სკოლის გახსნას გეგმავდა, რაზეც სიტყვიერი თანხმობა დირექციისგან და ასევე მერიის ქონების მართვის სამსახურისგანაც მიიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ინვენტარი შეიძინა და ფართიც დაასუფთავა, იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს. სწორედ ამის გამო, მან მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო.

"ვაპირებდი, გამეხსნა მაგიდის ჩოგბურთის სპორტული სკოლა, სადაც მოვამზადებდი ბავშვებს. ამისთვის მჭირდებოდა ფართი. მივმართე კულტურის სახლის დირექტორს, ზურაბ ხუროშვილს. მივიღე სიტყვიერი თანხმობა. საუბარია, 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც მდებაროებს კულტურის სახლის სარდაფში. უნდა დაეწესებინათ იჯარა - თვეში 1500 ლარი. გავაკეთე აზომვითი ნახაზები, მივედი მერიაში, ბერიძიშვილთან, რომელმაც თავის მხრივ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, მომცა სიტყვიერი ნებართვა. ნახაზები დავტოვე როგორც კულტურის სახლში, ასევე მერიაშიც - ქონების მართვის სამსახურში. ორი კვირა იქნება, რაც ეს პროცესი დაიწყო. ნახაზებში 200 ლარი გადავიხადე.

ამის შემდეგ შევხვდი პირადად მერს, რომელმაც ასევე მომცა თანხმობა. ამასობაში დავიწყე დარბაზის მოწესრიგება. შევიძინე მაგიდები და შესაბამისი ინვენტარიც. დავაყენე ნათურები, გავასუფთავე ფართი. ასევე ვიყავი სკოლებშიც, რათა ბავშვებისთვის გამეცნო ინფორმაცია. როდესაც მივედი, რომ იჯარა გამეფორმებინა, ბოლო დღეს, კერძოდ, 29 სექტემბერს, მივიღე უარი ლერი გელენავასგან, რომელმაც მითხრა, რომ აღნიშნულ ფართში უნდა გაკეთდეს საწყობი ძვირადღირებული ინვენტარისთვის.რაც ღვინის ფესტივალისთვის შეიძინეს, ის უნდა დაასაწყობონ.

ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, მივედი მერიის შენობის წინ ტრანსფარატით -"მერია, სტოპ სისტემა" და ხმის გამაძლიერებელი აპარატით. ორი წუთის მისულიც არ ვიყავი, რომ გამოიძახეს ათიდან თორმეტამდე პოლიციელი. მოდიოდა პოლიციის უფროსი, რომელსაც მოჰყვებოდნენ თანამშრომლები. უფროსმა, ვანო დულარიძემ, უხეშად მომმართა, რომ მასთან მივსულიყავი, რაზეც შორიდან ვუპასუხე, რომ ერთი ნაბიჯით გადმოწეულიყო, როგორც მე, რათა გვესაუბრა. მასთან არ მივედი, თავად მოვიდა. კვლავ უხეშად მითხრა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია, რაზეც ვუპასუხე, რომ ვაპირებდი შიმშილობასა და კარვის მოტანას. ასევე ვუთხარი, რომ დავიწყებდი აქციას და თუკი ის არ იქნებოდა კანონიერი, დავეკავებინე. ამაზე მათ მიპასუხეს, რომ არაფერს დამაცდიდნენ და დაძალებით წამიყვანეს პოლიციაში.“

როგორც თორნიკე დოლენჯაშვილი ამბობს, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება არ ყოფილა, ამიტომ მათ „ცრუ ოქმი“ შეადგინეს.

„მათ ოქმში დაწერეს, რომ გავუწიე წინააღდმეგობა, არ დავემორჩილე და მივაყენე შეურაცხყოფა. ერთი დღე გამატარებინეს გურჯაანის იზოლატორში, 30 სექტემბერს გაიმართა სასამართლო. მოსამართლემ მათ უთხრათ, რომ მტკიცებულება არ ჰქონდათ, ამიტომ უნდა ამოეღოთ კამერის ჩანაწერები და წარედგინათ მტკიცებულებები. სასამართლომ საქმის განხილვა გადადო 3 ოქტომბრის 17:00 საათამდე.
ამ ეტაპზე ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, " - გვიყვება თორნიკე დოლენჯაშვილი.

აა(ი)პ გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, ფართის იჯარით გაცემა მისი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება კულტურის ცენტრში მაგიდების შეტანას, ზურაბ ხუროშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მისი ნებართვა არ ყოფილა.


" არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე და სიმართლე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც გავიცანი ეს პიროვნება [თორნიკე დოლენჯაშვილი]. ჩემთან იყო შემოსული, მითხრა, რომ ჰქონდა სურვილი [გაეხსნა მაგიდის ჩოგბურთის კლუბი], იყო მერიაში, შეხვდა ვიღაც თანამდებობის პირებს. მკითხა ფართთან დაკავშირებით, რაზეც ვუპასუხე, რომ არის თავისუფალი ფართი, თუმცა ამ ფართის გადაცემა ჩემი პრეროგატივა არ არის. მივასწავლე გზა - რა უნდა გაეკეთებინა და როგორ. ასევე ვუთხარი, რომ ჩემთან იწერება მხოლოდ განცხადება, რის შემდეგაც კეთდება ნახაზი, რომელსაც ურთავენ ამ განცხადებას და შემდეგ გადაეცემა მერიაში არსებულ ქონების მართვის სამსახურს. მერიის გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა ფართს.

მეორე დილით გავიგე, რომ წინა საღამოს თორნიკე დოლენჯაშვილს შემოუტანია მაგიდები, რასთან დაკავშირებითაც, ჩემი ნებართვა არ ყოფილა. მას არც უკითხავს ამის შესახებ. როგორც შემდეგ გაირკვა, თორნიკე დოლენჯაშვილს აუღია ვალი, უყიდია მაგიდები, შემოუტანია ინვენტარი. ამ საკითხში მას ჩემი მხრიდან არავითარი ნებართვა, არც წერილობითი და არც სიტყვერი არ ჰქონია. როდესაც შევხვდი, ვუთხარი კიდეც, რატომ გადაუსწრო მოვლენებს და შეიტანა ინვენტარი წინასწარ, რადგან მერიიდან შესაბამისი ნებართვა არ მოსულა.
რაც შეეხება ჩემს თანხმობას, გავიმეორებ, რომ ახლაც თანახმა ვარ, ეს ფართი იქირაოს ამ პიროვნებამ, ოღონდ, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით, მერიიდან შესაბამისი თანხმობის მოტანით. ამ ეტაპზე კი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს," - ამბობს, ზურაბ ხუროშვილი.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, კოტე ბერიძიშვილი გვეუბნება, ფართის გაქირავება კულტურის ცენტრის პრეროგატივაა. რომელმაც თავის მხრივ უნდა მიმართოს ქონების მართვის სამსახურს განცხადებით. „თუკი მოგვმართავენ, ჩემი სამსახური ამ ფართის გაქირავების წინააღმდეგი არ იქნება,“- ამბობს კოტე ბერიძიშვილი.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით speqtri.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ლერი გელენავასაც ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სიტყვიერი შეთანხმება არ ნიშნავს ოფიციალურ შეთანხმებას. მისი განმარტებით, თორნიკე დოლენჯაშვილმა თვითნებურად იმოქმედა, „რისი ფუფუნებაც“ მერიას არ აქვს.

"როდესაც ჩემთან შემოვიდა წერილი შესათანხმებლად, განვაცხადე უარი იმიტომ, რომ ეს ფართი გვჭირდება საწყობად იმ ნივთებისთვის, რომელიც შევიძინეთ „ღვინის ფესტივალისთვის“ და საახალწლოდ. სხვა სასაწყობე ფართი არ გვაქვს. თუკი, თორნიკე დოლენჯაშვილმა თვითნებურად მოიწყო სპორტული დარბაზი, ასე არ ხდება. ჯერ ერთი, თვითნებურად ტროტუარზე მოაწყო სპორტული რაღაცა გასართობი, შემდეგ დარბაზში შევიდა. დოლენჯაშვილმა თვითნებურად იმოქმედოს და იმოძრავოს ასე, ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს.“

ლერი გელენავა ამბობს, რომ თორნიკე დოლენჯაშვილისთვის არავის დაუვალებია და უთხოვია, რომ ფინანსები დაეხარჯა, შესაბამისად ვერც დანახარჯს აუნაზღაურებენ.

„მან თავისი სურვილით დახარჯა და ვალდებულები არ ვართ, რამე სახით ეს დანახარჯი ავუნაზღაუროთ. ოფიციალურად მისთვის არავის უთქვამს, რომ დოკუმენტები იყო მოსატანი. დანარჩენი ჩვენთვის ამ ეტაპზე საინტერესო აღარ არის.
აღნიშნული ფართი არ ექვემდებარება გაქირავებას. ჩვენ თავად გვესაჭიროება ეს ფართი, როგორც საწყობი. საუბარია ასიათასიან და მეტი ღირებულების ქონებაზე," - აცხადებს მერის მოადგილე.

თორნიკე დოლენჯაშვილის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 3 ოქტომბერს 17:00 საათზეა ჩანიშნული. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მის დაკავებასთან დაკავშირებით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google