საზოგადოება
გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სამგზავრო ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის მსურველებსაც მოუწევთ
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


როგორც მან განაცხადა, სიახლე შეეხება C, C1, D და D1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს.

„სულ მალე დავიწყებთ მაღალი კატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარებას რეალურ მოძრაობაში. ეს მაღალი კატეგორიებია - სატვირთო, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, რომელიც გულისხმობს C, C1, D და D1 კატეგორიებს. ზუსტ თარიღს, როდიდან შევა ეს სიახლე ძალაში ვერ გეტყვით, თუმცა, დაგეგმილია, მიდის მუშაობა და მალე დაინერგება.

შესაძლებელია, რომ სიახლე მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაინერგოს. ზუსტ თარიღზე ამ ეტაპზე, საუბარი არ შემიძლია. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველაფერი მზადაა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობით. გამოსაცდელ პირებს ისეთივე ავტობუსზე მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, რაც ქალაქში დადის”, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი მანქანის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა სავალდებულო.






| Print |
FaceBook Twitter Google