საზოგადოება
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის პრემია მარეხ მგალობლიშვილს გადაეცა
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში წინანდალში ჩატარდა კონფერენცია - ,,ქალები რეგიონში - მიღწევები და გამოწვევები’’.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა უფლებადამცველებმა, თელავის რაიონული პროკურატურისა და ქალაქ ახმეტის მერიის წარმომადგენლებმა. აქვე განიხილეს ბოლო წლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობები, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს გამოცდილება ქალთა უფლებებზე მუშაობის შესახებ, ასევე ქვეყანაში და რეგიონში არსებული უახლესი სტატისტიკა.


კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის ყოველწლიური პრემია გადასცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს კახეთის რეგიონში, მარეხ მგალობლიშვილს.

მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელობის პრემია 2021 წელს დაწესდა და რეგიონში ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მომუშავე ქალების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

გასულ წელს აღნიშნული პრემია გადაეცა იდა ბახტურიძეს, რომლის საზოგადოებრივი მოღვაწეობა მთლიანად უკავშირდება ქალთა საკითხების შესწავლასა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას.
| Print |
FaceBook Twitter Google