საზოგადოება
როგორ შეხვდება ახალ წელს გურჯაანი
გურჯაანი 2023 წელს განსხვავებულად შეხვდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ახალი განათებებით იქნება მორთული რეაბილიტირებული ნონეშვილის გამზირი, 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა სოფელს ესტუმრება თოვლის პაპა, რომელიც ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებს.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი შემსრულებლები, თოვლის პაპასთან ერთად, მცირე მასშტაბის ღონისძიებებს სოფლებშიც გამართავენ.

“წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ახალ წელს განსხვავებულად შევხვდებით. ქუჩები იქნება განათებული. ნაძვისხე აინთება 25 დეკემბერს და იქნება შესაბამისი ღონისძიება. 28 დეკემბერს გამართული ღონისძიება მიძღვნილი იქნება ბავშვებისთვის. ტრადიციულად 31-ში გარეთ შევხვდებით 2023 წელს. 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, თოვლის პაპა ივლის ყველა სოფელში და პატარებს სასაჩუქრე ჩანთებით დაურიგებს ტკბილეულს. ვგეგმავთ, რომ დიდ სოფლებში ადგილობრივი შემსრულებლებლების მიერ ჩავატაროთ პატარ-პატარა საბავშვო ღონისძიებები. განსაკუთრებით ლამაზი იქნება ახლად რეაბილიტირებული ნონეშვილის ქუჩა და საშობაო ბაზარი. შევიძინეთ ახალი განათებები და ძველი განათებები გადანაწილდება სხვადასხვა ქუჩაზე. მოირთვება ნონეშვილის, რუსთაველის, თავისუფლების ქუჩა, ასევე სავარაუდოდ განათდება გურამიშვილის ქუჩაც,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თამარ ფურცელაძე.

ღონისძიებების სრული პროგრამა და იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც ახალი წლის ღამეს გურჯაანში იმღერებენ, სულ მალე გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google