საზოგადოება
ცხოველთა თავშესაფარის ვოლიერებში თბოიზოლაცია მოეწყო
ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ღია ვოლიერებში თბოიზოლაციის (პენოპლასტის) ფირფიტები მოაწყო. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, „სენდვიჩის“ ტიპის გათბობა ჰიგიენის თვალსაზრისითაც მოსახერხებელია და ცხოველებიც თავს ბევრად უკეთ გრძნობენ. აღნიშნული სისტემა მოეწყო 117-ვე ვოლიერში.

„ოპერაციის შემდეგ ძაღლი მოთავსებულია ისეთ ვოლიერში, სადაც იატაკი თბება, მაგრამ როდესაც ნარკოზიდან სრულად გამოდის, სხვა ვოლიერში გადაგვყავს, სადაც გათბობა არ არის. ჩვენ სხვა ორგანიზაციების მაგალითზე, ვნახეთ, რომ ოპერაციის შემდეგ ძაღლი თავსდება ისეთ ვოლიერში სადაც არის „სენდვიჩის“ ტიპის გათბობის სისტემა. მსგავსი გათბობის ტიპი მოსავლელად ბევრად იოლია და ცხოველებიც თავს უკეთ გრძნობენ. სულ გვაქვს 117 ვოლიერი რისთვისაც ვიყიდეთ ეს დასათბუნებელი საშუალებები. მართალია, ერთდროულად ჩვენთან მხოლოდ 70-80 ძაღლი გადის რეაბილიტაციას, მაგრამ სანამ ეს ვოლიერები დასუფთავდება, სხვებს ვიყენებთ. ფაქტობრივად, 117-ვე ვოლიერი გამოყენებადია.
მოგეხსენებათ, ჩვენთან ცხოველები, ოპერაციის შემდეგ, 4 დღე ჩერდებიან. გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ სრულ გამოჯანმრთელებამდე“- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ ზავრაშვილი.

მისივე განმარტებით, თბოიზოლაციის (პენოპლასტის) ფირფიტების შესაძენად 3000 ლარზე მეტი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თავშესაფარი /