საზოგადოება
ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში- შეხვედრა გურჯაანელ ახალგაზრდებთან
გუშინ, 18 დეკემბერს, გურჯაანის ტექნოპარკში გურჯაანელ ახალგაზრდებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“.

პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით გურჯაანის ახალგაზრდულ საბჭოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და ორდღიან ტრენინგ-მოდულებს მოიცავს. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ და ერთობლივად წარადგინონ პროექტი.

პროექტში ჩართვა 15-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო.

პირველი შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაცია. მეორე შეხვედრა 25 დეკემბერს, კვირასაა დაგეგმილი, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი პროექტები უნდა წარადგინონ.

„პროექტი გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით ტარდება. ჩვენი მიზანია, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ახალგაზრდებში - რა ბერკეტები აქვთ მათ ადგილობრივ თვითმმართველობაში აქტიური თანამონაწილეობისთვის, რის გაკეთება შეუძლიათ და რა როლი აქვთ, როგორც მოქალაქეებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი შევარჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ აქ ფუნქციონირებს ახალგაზრდული საბჭო, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობისთვის.

ჩვენ პროექტის შინაარსი წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტშიც და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მისი განხორციელება, რადგან ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ჯანსაღად წარმართვისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, თათა თიბილოვი, რომელიც ასევე გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს მოქმედი წევრიცაა.

მისივე თქმით, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის არამარტო თეორიული, მშრალი ცოდნის გაზიარება პრეზენტაციის სახით, არამედ მათი რეალური ჩართულობა ამ პროცესში.  

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში გამართული ტრენინგ-მოდული, გარდა პრეზენტაციისა, მოიცავდა ახალგაზრდების ინტერაქციასაც. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკის შესახებ, ვიმსჯელეთ, როგორ ესმით პროექტის მონაწილეებს პოლიტიკის სხვადასხვა ცნება და, რაც მთავარია, ვისაუბრეთ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორ უნდა ჩაერთონ და რა ბერკეტები გააჩნიათ მათ ამისთვის. ეს ყველაფერი მათ პროექტებზე მუშაობაში დაეხმარებათ და დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნით შეხვედრაზე მეტად საინტერესო და ეფექტიან იდეებსაც მოვისმენთ მათი მხრიდან,“ - გვეუბნება თათა თიბილოვი.


| Print |
FaceBook Twitter Google