საზოგადოება
არ გამოიყენო ფეიერვერკი, გაუფრთხილდი გარემოს - CENN
ახალი წლის მოახლოებათან ერთად, გახშირდა პიროტექნიკის გამოყენების მოხმარების ფაქტები. სწორედ ამასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვას ახალი წლისთვის ფეიერვერკების გამოყენებაზე. მათი ინფორმაციით, ეს პროდუქცია არამარტო ჯანმრთელობისთვის, არამედ გარემოსთვისაც საფრთხეებს შეიცავს.

„ფეიერვერკების გამოყენებით შენ ხელს უწყობ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. მათი გამოყენების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ისე ფრინველებისთვისა და ცხოველებისთვის.
ფეიერვერკების სადღესასწაულო ფერები სახიფათო ქიმიური და ფიზიკური პროცესების შედეგია, რაც მეტალის ნაერთებისა (მარილების) და ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას ნიშნავს,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.


როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთი რაოდენობით ჰაერში გაფრქვეული მყარი ნაწილაკების დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან ატმოსფეროში და რესპირატორულ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევენ.

„გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს პერქლორატებს, რომლებიც წყლის - სასმელი, მდინარეებისა და ტბების დაბინძურების წყარო ხდება. პერქლორატის მარილები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე. არ გამოიყენო ფეიერვერკი, გაუფრთხილდი გარემოს!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google