საზოგადოება
ურჩი ცხოველების დასაჭერად პნევმატურ შუბის ხელსაწყოს გამოიყენებენ

იანვრიდან, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო, ურჩი ცხოველების დასაჭერად, პნევმატური შუბის ხელსაწყოს გამოიყენებს. ამის შესახებ Speqtri.ge-ის სააგენტოს დირექტორმა, თეიმურაზ ზავრაშვილმა განუცხადა.



მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღჭურვილობაში აქვთ ლასოები და სპეციალური ხელთათმანები, რომელიც დაკბენის საფრთხეს არ უქმნის თანამშრომლებს.

„სააგენტოს თანამშრომლები დატრენინგებულები არიან. რა შესაძლებლობასაც აძლევს ჩვენს ხელთ არსებული ხელსაწყოები, იმას წესის მიხედვით იყენებენ. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ლასოები, ასევე მსუბუქი ხელსაწყო ძაღლის დასაჭერად და სპეციალური ხელთათმანები, რომელიც დაკბენის საშუალებას არ აძლევს ცხოველს.“ - ამბობს თეიმურაზ ზავრაშვილი.


მისივე განმარტებით, საქართველოში არსებული კანონმდებლობა არ აძლევთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ ისეთი იარაღი, რომელიც 50 მეტრ დისტანციიდანაც მოქმედებს ცხოველზე. თუმცა, აქვთ 2 ცალი ახლო მანძილზე გამოსაყენებელი პნევმატური შუბი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

„ურჩი და აგრესიული ძაღლების დასაჭერად არის სპეციალური თოფები, რომლის კალიბრიც 13 და 14 მილიმეტრია. ასეთი თოფის შეძენა ჩვენი კანონმდებლობით პრობლემურია. მაგრამ გაეროსთან ვთანამშრომლობთ და გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში, ფაომ, გამოგვიგზავნა პნევმატური შუბის ხელსაწყო, რომელშიც თავსდება მოსადუნებელი ეფექტის მქონე ერთჯერადი ნემსები. აღნიშნული მოწყობილება გამოიყენება ახლო მანძილზე, 5-დან 10 მეტრამდე დისტანციაზე. ამის მოხმარებას იანვრიდან დავიწყებთ,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თეიმურაზ ზავრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო, რომელიც გურჯაანში მდებარეობს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს ემსახურება.
წელს ორგანიზაციამ უკვე 3800-ზე მეტ ძაღლს ჩაუტარა ოპერაცია, გაასტერილა 200-ზე მეტი კატა. რამდენიმე დღის წინ კი, პოსტოპერაციული მკურნალობისთვის საჭირო ღია ვოლიერებში თბოიზოლაციის (პენოპლასტის) ფირფიტები მოაწყეს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google