საზოგადოება
წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნისმასშტაბით ამკაცრებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24- საათიან რეჟიმშიახორციელებენ.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს;

„დედაქალაქში ინტენსიურად მოწმდება სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში. რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, “ - განმარტავენ დეპარტამენტში.


წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე, რომელსაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
| Print |
FaceBook Twitter Google