საზოგადოება
სისხლიანი სინჯარები სასმელი წყლის ჭაბურღილთან - კანონდარღვევა სოფელ ჭანდარში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის საზღვარზე მდებარე ჭაბურღილთან, რომლითაც ორივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და საქონელსაც ამ ტერიტორიაზე აძოვებს, დაყრილია დიდი ოდენობით სისხლიანი სინჯარები და სხვა სამედიცინო ნარჩენები.
ამ ფაქტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ადგილობრივების თხოვნის შემდეგ, დავხმარებოთდით ამ პრობლემის მოგვარებაში, საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-ს გადამღები ჯგუფი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩავიდა და ფოტომასალა მოიპოვა. საკითხის გასარკვევად გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სამსახურს დავუკავშირდით.

ეპიდემიოლოგ ლალი ბაცანაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას, რადგანაც მსგავსი სამედიცინო ნარჩენების ამ ფორმით გადაყრა დაუშვებელია.

"რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა. ჩვენ ეს ფაქტი არ შეგვიმოწმებია, არ გვაქვს ინფორმაცია ვინ დაყარა ეს ნარჩენები. ამას ამბულატორია არავითარ შემთხვევაში არ დაყრიდა იმიტომ, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოსთან, რომელთაც პერიოდულად გააქვთ ეს ნარჩენები სამედიცინო დაწესებულებებიდან. 


შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო ნარჩენები ამ სახით გარეთ არ იყრება. ნარჩენები გროვდება და პერიოდულად იგზავნება თბილისში, იქ მუშავდება. ასე ნარჩენების გადაყრა არასწორია და რის ნარჩენებია მე ვერ გეტყვით.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს სამედიცინო სამსახურის გაკეთებულია, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, " - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ეპიდემიოლოგი ლალი ბაცანაძე.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათთან განცხადება არ შესულა.  მას შემდეგ კი, რაც საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-სგან მიიღეს ინფორმაცია, გააგზავნეს წარმომადგენელი, მაგრამ აღნიშნულ წყაროსთან სამედიცინო ნარჩენები ვერ აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, შესაძლოა, ნარჩენები ამ ეტაპზე თოვლმა დაფარა.

"მერიაში ამ საკითხზე განცხადება არ შემოსულა. თქვენი ზარის შემდეგ გავაგზავნეთ წარმომადგენელი ადგილზე, ამ წუთას აღიშნული წყაროს ტერიტორიაზე ნარჩენები არ ყრია. რაც შეეხება რეაგირებას, თუ ფაქტს შეესწრო ვინმე, ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება აღნიშნული პირის დაჯარიმება.

ზოგადად სამედიციო ნარჩენებს, თუკი მუნიციალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იქნება, მერია გამოაგზავნის სპეციალურ კომპანიას, რომელიც როგორც წესი, თანამშრომლობს სამედიცინო სამსახურებთან, აფთიაქებთან და სპეციალური წესით გააქვს სამედიცინო ნარჩენები," - განმარტავენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სოფელ ჭანდრისა და სოფელ ზემო გურჯაანის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, რომ წყაროსთან დაყრილმა სამედიცინო ნარჩენებმა მოწამლოს საქონელი ან დააბინძუროს სასმელი წყალი, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google