საზოგადოება
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა
დღეიდან, 1 მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა და სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს.

მათივე ინფორმაციით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს.

„რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.

უწყებაში განმარტავენ, რომ უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, დღეიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google