საზოგადოება
სტუდენტებს სამხედრო სამსახურში შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გაიწვევენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომლის თანახმადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება.
„კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით,“- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. მათივე განმარტებით, სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობაც.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.“

კანონპროექტის მიხედვით, გაიზრდება სამხედრო სამსახურის გადავადების თანხაც და 10 0000 ლარით განისაზღვრება.

„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ.

გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი, ასევე გავრცელდება სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე. 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა,“-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google