საზოგადოება
იარაღის დროებითი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის, მისი შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის მიღება მესაკუთრეს ელექტრონული ფორმით - მომსახურების სააგენტოს ვებგვერდსა sa.gov.ge და აპლიკაციაში (service agency) რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ.


მათივე თქმით, მომსახურების სააგენტო აღნიშნულ დოკუმენტს არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში გასცემს.

„მომსახურების სააგენტო მესაკუთრის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების პერიოდი.

იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელია შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში.

იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.“-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებითი მოწმობა (ელექტრონული ან ამობეჭდილი სახით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები იარაღი /