საზოგადოება
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 15 აპრილიდან ფასიანი გახდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილიდან ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური და გადახდების კონტროლირების სისტემა.
მათივე თქმით, მგზავრობა 70 თეთრი იქნება, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

მერიის განმარტებით, შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრით ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:

• პენსიონერები;
• იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
• ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
• სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
• სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
• სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
• ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
• თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.


თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან (მოსწავლის და სტუდენდის გარდა) მიეკუთვნებით რომელიმე კატეგორიას და შეღავათით სარგებლობის მიზნით გსურთ პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ტერიტორიულ ოფისებში თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
ქ. თელავში:

• ალაზანი - კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული
( ალაზნის გამზირი #14, სადარბაზო I, I სართული)
• აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული
( რუსთაველის #73 ( I სართული )
• ძველი თელავის და დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეულები ( ქეთევან წამებულის #3 ა, II სართული )
• ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული
( ერეკლე II-ის გამზირი #16 )

ხოლო სოფლად მაცხოვრებლებმა შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


• პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათი, რომელზეც დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი, გაიცემა უფასოდ.

• მოსწავლისა და სტუდენტის ბარათის მისაღებად მიმართეთ „თიბისი ბანკის“ თელავის ფილიალს (მის: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი N29).
მოსწავლისა და სტუდენტის ბარათი „თიბისი ბანკის“ მიერ გაიცემა უფასოდ და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღეში.

• მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC-ის ნებისმიერი ბარათით და ციფრული საფულის მეშვეობით, ასევე თელავის სატრანსპორტო ბარათით.

თელავის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია:
• „თიბისი ბანკის“ თელავის ფილიალში (ალაზნის გამზირი N29);
• ერეკლე II-ის გამზ N23-ში და ი. ჭავჭავაძის გამზ. N73-ში მდებარე მარკეტებში.
მერიის განმარტებით, სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველის ფუნქცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 0 (350) 27 23 00
09:00-დან 18:00 საათამდე.









| Print |
FaceBook Twitter Google