საზოგადოება
ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 130 ლარით გაიზარდა - 76 ხმით კანონში მიღებული ცვლილება

ძაღლის საბელისა ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში, მათ შორის, პარკებში, სკვერებსა და ბულვარებში გასეირნებისთვის მეპატრონე 150 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად აქამდე არსებული 20 ლარისა. ალიკაპისა ან საბელის გარეშე ძაღლის ყოლა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. ცვლილება პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 76 ხმით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეიტანა.


ამასთან, ძალაში რჩება რეგულაცია, რომელიც ძაღლის მეპატრონეს აძლევს უფლებას, აირჩიოს ერთ-ერთი - საბელი ან ალიკაპი. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოქალაქე დაჯარიმდება 300 ლარით, ნაცვლად აქამდე არსებული 50 ლარისა.

კანონში შეტანილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ანდა მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა, ასევე მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირუტყვი მოქალაქის საკუთრებაში ანდა მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე [კერძო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ბულვარში, პარკში, სკვერსა ან პლაჟზე] იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ ინიციატივა ბიუროს სხდომაზე 2023 წლის 8 მაისს დარეგისტრირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google