საზოგადოება
ავტომობილის გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს, პარლამენტმა პარლამენტმა, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.

„მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდა. ცვლილება სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს.“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრება:
დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.

ცნობისთვის, კონტროლი განხორციელდება 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.





| Print |
FaceBook Twitter Google