საზოგადოება
როდის აღდგება გურჯაანში სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა- მერიის პასუხი
გურჯაანში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია თავისუფლების ქუჩაზე არსებული ხიდი, სადაც რკინის კონსტრუქციებია განთავსებული. ჩანგრეული ცემენტის ადგილას კი კვლავ ფიცრები ალაგია. დაზიანებულია კიბე, რომლითაც მოქალაქეები მთავარი ქუჩიდან სანაპიროს ქუჩას უკავშირდებიან, ასევე სავარგულებში მისასვლელი გზებიც. გზა ისეა დახრამული, რომ წყლის მილები ჩანს. ეს ყველაფერი კი დისკომფორტს და საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. 

speqtri.ge-ს ამ დრომდე არაერთი მოქალაქე მომართავს კითხვით: ხომ არ იცით, როდის აპირებს ხელისუფლება ქუჩების მოწესრიგებას?

სწორედ ამ კითხვით მივმართეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ამ საკთხზე ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ.

„რადგან სტიქია იყო მასშტაბური და ეს არ შეხებია მხოლოდ ერთ ქუჩას და საუბარია რამდენიმე მილიონიან ზარალზე, ჯერ ისევ მიმდინარეობს ეს პროცესი. როცა საბოლოო ციფრები იქნება და დაფინანსება გამოიყოფა, გაცნობებთ,“ - განუცხადეს speqtri.ge-ს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თითქმის ნახევარსაათიანი გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, რასაც თან ახლდა ძლიერი ქარი, მდინარე „ნავთის ხევი“ და „ბელახევი“ ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა ქალაქის ქუჩები, პირველ სართულზე მდებარე ოფისები და საცხოვრებელი სახლები, გაიტაცა ავტომობილები. ძლიერმა ქარმა წააქცია მრავალწლიანი ხეები. მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე ცენტრალურ მაგისტრალზე.







| Print |
FaceBook Twitter Google