საზოგადოება
კახეთში რომელმა მუნიციპალიტეტმა რა თანხა გადაიხადა სახელმწიფო დროშის მონტაჟში
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან 7-მა გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო დროშის მონტაჟთან დაკავშირებით. დროშა უკვე აღიმართა დედოფლისწყაროში, გურჯაანში, საგარეჯოში, ახმეტასა და ყვარელში. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება სიღნაღსა და ლაგოდეხში.
SPEQRTI.GE დაინტერესდა, რომელ მუნიციპალიტეტში რა სიმაღლის ანძაზე აღიმართა დროშა და რა თანხა გაიხარჯა ბიუჯეტიდან.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა, სამ მუნიციპალიტეტში სადროშე ანძის სიმაღლეა 40 მეტრი, ასევე ერთი და იგივეა დროშის ზომა (8X12 მ), თუმცა, სამუშაოებისთვის სხვადასხვა თანხაა განსაზღვრული.

მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 40-მეტრიანი სადროშე ანძისა და დროშის მონტაჟისთვის განისაზღვრა 71 100 ლარი, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 71 900 ლარი, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ამისათვის ყველაზე მეტი თანხა გამოყო - 77 762 ლარი.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყარომ დამატებით შეიძინა 25 ცალი საქართველოს დროშა და 10 ცალი მუნიციპალიტეტის დროშა.

25-მეტრიანი სადროშე ანძაა განსაზღვრული ყვარელსა და ლაგოდეხში, დროშის ზომა 5X7.5 მ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისათვის გამოიყო 29 900 ლარი, ხოლო ლაგოდეხის ბიუჯეტიდან - 44 900 ლარი. ლაგოდეხმა სულ შეიძინა 10 დროშა.

რაც შეეხება დარჩენილ ორ მუნიციპალიტეტს - ახმეტამ ორი 20-მეტრიანი სადროშე ანძის მონტაჟში გადაიხადა 43 424 ლარი (დროშის ზომა (4X6), ხოლო საგარეჯომ ერთი კონსტრუქციისთვის - 30 326 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა 10 დროშა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ტენდერში გამარჯვებულია ერთი და იგივე კომპანია - შპს „ემსილაითი“, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო.

აქვე გეტყვით, რომ ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა, speqtri.ge-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.



სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია დედოფლისწყაროში



სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გურჯაანში



სახელმწიფო დროშა ყვარელში



სახელმწიფო დროშა ახმეტაში ორ ლოკაციაზე
| Print |
FaceBook Twitter Google