საზოგადოება
თელავში ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება
თელავის ისტორიული აეროდრომის ადგილზე, თანამედროვე ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტირება- მშენებლობა წელსვე დაიწყება. აეროპორტი პირველ მგზავრს სავარაუდოდ 2024 წლის მაის-ივნისში მიიღებს.

„თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება- მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში, დაახლოებით. ძალიან მალე დასრულდება. გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაჯდება ეს პროექტი. ეხლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები.

თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტიის, ამბროლაურის მიმართულებით, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ- მინისტრის თქმით, ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი და თელავის აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისა და მოქალაქეებისთვის.


ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია. აქ ხორციელდება სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები.

როგორც საავიაციო უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით: Cessna 152; Aeroprakt A-22
Tecnam P2006T.

აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი.“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google