საზოგადოება
მიწა, რომელსაც მოქალაქე ვერ დაირეგისტრირებს სახელმწიფოზე დარეგისტრირდება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით დევიძის განცხადებით, მიწის ნაკვეთს, რომელსაც მოქალაქე ვერ დაირეგისტრირებს, სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე იქნება რეგისტრირებული.
"მიზანი პირველ რიგში კერძო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათი რეგისტრაციაა, ხოლო შემდეგ რაც დარჩება, ის ნაკვეთები რეგისტრირდება სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დარჩება არცერთი ნაკვეთი, რომელზედაც არ იქნება საკუთრება რეგისტრირებული, არ იქნება აზომილი და განსაზღვრული მისი ფართობი, მდებარეობა, კოორდინატები და ყველა სხვა მონაცემი, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდეგ სახელმწიფომ დაითვალოს კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთები აქვს, რა ფართობებია, როგორი კონფიგურაციაა და სად მდებარეობს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მიზნობრივი პროექტების განხორციელება", - განაცხადა დავით დევიძემ.

მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში, დღეისათვის აზომილია 524 ათასამდე მიწის ნაკვეთი - 172 ათასი ჰა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 426 ათასი ნაკვეთი და რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, სისტემური რეგისტრაცია მართლაც მასშტაბური პროცესია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესში მონაწილეთა თავდადება.

"ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი და წარმატებული პროექტია, თუმცა ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს ეს უფრო პრივატიზაციის მიმართულებას ეხება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მიწა / ნაკვეთი /