საზოგადოება
წითელი ჯვარი გურჯაანში, 15 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 15 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1173 ოჯახი 350 ლარიან სასურსათო ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებაც 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც წითელი ჯვრის გურჯაანის ფილიალის ხელმძღვანელმა, ჯულიეტა ფილიშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ვაუჩერების გაცემა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენი ორგანიზაცია, ანუ გურჯაანის ფილიალი დაახლოებით 5 თვეა, რაც დაარსდა. დღევანდელი აქცია ეხება 15 ივნისს მომხდარ სტიქიას. მუნიციპალიტეტში შეიქმნა კომისია, თითოეული ოჯახი გადამოწმდა და ამის საფუძველზე შედგა სიები, რომელშიც 1173 ადამიანია.
დაზარალებული ოჯახებს გადავცემთ სასურსათო ვაუჩერებს, რომელზეც დარიცხულია 350.

რადგან ხუთშაბათი დასვენების დღეა, ვიმუშავებთ პარასკევს, შაბათს და სავარაუდოდ კვირასაც, სანამ ყველა ვაუჩერს არ გავცემთ. ეს ჩვენი პირველი აქციაა და საკმაოდ გრანდიოზული გამოგვივიდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა სტიქიის შედეგად, 15 ივნისამდეც და მას შემდეგაც მოსახლეობას ნაკვეთები არაერთხელ დაესეტყვა.“ - ამბობს ჯულიეტა ფილიშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული სასურსათო ვაუჩერით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პროდუქტი შეიძინონ 4 სავაჭრო ქსელში. ესენია: კარფური, ლიბრე, მაგნიტი და ნიკორა.



| Print |
FaceBook Twitter Google